მთის ამბებმა მოიპოვა იუსტიციის სამინისტროს დასკვნა, რომელიც უარყოფითად აფასებს ნამახვანჰესის ხელშეკრულებას.
დოკუმენტი, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა და რომელსაც იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის, მოქმედი დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის ხელმოწერა აქვს, 22 კრიტიკულ შენიშვნას მოიცავს.
ეკონომიკის სამინისტროს დასკვნა ამ დრომდე გასაიდუმლოებული აქვს.
დოკუმენტი აკრიტიკებს ენკასთან დადებულ ხელშეკრულებას იმ კუთხით, რომ მაქსიმალურად არის დაცული კომპანიის უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები.
პარალელურად კი ნამოხვანის ჰესების კასკადის ხელშეკრულებით, ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა ეკისრება საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო კომპანიებს.
ძირითადი შენიშვნები:
- იუსტიციის სამინისტრო მიუთითებს, რომ "ხელშეკრულების პროექტის ფარგლებში ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა ეხება საქართველოს მთავრობას, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, მაშინ, როცა, აღნიშნულის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში მაქსიმალურად არის დაცული შპს "ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას" უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები".
- ხელშეკრულების პროექტში მითითებული 1.1 მუხლის ფარგლებში ტერმინის - "კანონმდებლობის ცვლილება" ბოლო წინადადება მიზანშეწონილია მიემართებოდეს არა მის წინა ნაწილს, რომელიც ადგენს გამონაკლისს, არამედ ამ დებულების ზოგად დანაწესს იმის თაობაზე, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობის ცვლილება.
- სამინისტრო მიუთითებს, რომ მთავრობისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები ვრცელდება პროექტის მონაწილეთა ფართო წრეზე. ეს შენიშვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა მთავრობის ისედაც მაღალი რისკი, კონკრეტული ვალდებულებების პროექტის არსებითი მონაწილეების მიმართ შესრულებასთან დაკავშირებით.
- უწყების აზრით, დამატებით შეფასებას საჭიროებს კომპანიის გადასახადებისგან გათავისუფლების თაობაზე არსებული პუნქტი.
- ასევე, დასკვნით, დამატებითი შეფასება სჭირდება მთავრობის მიერ პირობების შეუსრულებლობის "კომპენსირებად შემთხვევად" მიჩნევა.
- იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ ხელშეკრულების ტექსტიდან უნდა იქნას ამოღებული მექანიზმი, რომლითაც კომპანიის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის შემთხვევაში უნდა მოხდეს კომპანიის მიერ წარმოდგენილი გარანტიების თანხების შემცირება ამ გადახდების პროპორციულად. სამინისტრო ამ ჩანაწერს მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
- დასკვნით, სამოქალაქო კოდექსით კრედიტორისთვის მინიჭებული უფლების შესაბამისად, კორექტირებას საჭიროებს მუხლი, რომელიც უშვებს კომპანიის მიერ მთავრობის სასარგებლოდ მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდის შესაძლებლობას, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კრედიტორს პირგასამტეხლოს გადახდის პარალელურად, ყოველთვის აქვს უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუკი ასეთი ზიანი სახეზეა.
- დასკვნით უარყოფითად არის შეფასებული მთავრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, ფორს-მაჟორის შემთხვევაში კომპანიას ზიანი აუნაზღაუროს.
- სამინისტროს შეფასებით, ფორს-მაჟორული გარემოებების უმეტესობა, რაც კომპენსირების ვალდებულებას უკავშირდება, არც ერთი მხარის კონტროლის ქვეშ არ არის და არ არის გამოწვეული რომელიმე მხარის ბრალით. ამიტომ, სამინისტრო უთითებს, რომ ამგვარი გაუთვალისწინებელი გარემოებების „მხარის [მთავრობის] დასჯის მექანიზმად გამოყენება“ მიზანშეუწონელია. სამინისტროსთვის მიუღებელია ის, რომ ასეთ გარემოებებზე ფინანსური პასუხისმგებლობა მიემართება ხელშეკრულების მხოლოდ ერთ მხარეს - საქართველოს მთავრობას კომპანიის სასარგებლოდ.
- სამინისტრო ასევე კრიტიკულია იმ ჩანაწერის მიმართაც, რომელიც პოლიტიკური ფორს-მაჟორის შემთხვევაში კომპანიას ვალდებულებების შესრულებისგან სრულად ათავისუფლებს, მაშინ როცა საქართველოს მთავრობის და სხვა საჯარო დაწესებულებების ვალდებულებებს სრულად ძალაში ტოვებს.
- ასევე, სამინისტროს განცხადებით, მიზანშეუწონლობის კუთხით შეფასებას საჭიროებს საკითხი, რომლის მიხედვითაც, დავების გადაწყვეტის ფორუმად საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოა არჩეული.